გვერდები

თქვენთვის, მშობლებო!

 ფსიქოლოგებისა და ცნობილი ადამიანების რჩევები მშობლებს შვილების აღზრდასთან დაკავშირებით

       "აღზრდა - ეს არის მიზანმიმართული ფორმირების პროცესი, რათა მომზადდეს მომავალში ბავშვის მონაწილეობა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, შესაბამისად აღნიშნულ პროცესში აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სოციალური/კულტურული ნორმატიული მოდელები." 



სამახსოვრო მშობელს
1) გამოუმუშავე  შვილს სიყვარული შრომისადმი, აკურატულობა, საზოგადოების და ოჯახის წინაშე მივალეობის პირნათლად შესრულება;
2) თვეში ორჯერ მაინც მიაკითხეთ შვილს აკადემიური წარმატების გასაგებად. მიიღეთ მონაწილეობა სკოლისა და კლასის ცხოვრებაში;
3) სახლში გამოუყავით შვილს საკუთარი სამეცადინო კუთხე;
4) სისტემატიურად მიაქციეთ ყურადღება შვილს საშინაო დავალების შესრულებისას, უზრუნველყავით სასწავლო ნივთებით;
5) გაკვეთილის მომზადებისას ნუ დაავალებთ შვილს სხვადასხვა საქმეს;
6) თავისუფალ დროს მიაჩვიეთ შვილი ფიზიკურ შრომას;
7) მკაცრად მოსთხოვეთ შვილს დღის რეჟიმის დაცვა;
8) მოსთხოვეთ შვილს თავაზიანი დამოკიდებულება უფროსების, მასწავლებლების და თანატოლებისადმი;
9) მიაჩვიეთ შვილი, რომ ფაქიზად მოეპყრას სასკოლო, საზოგადოებრივ ქონებას, საკუთარსა და სხვის ნივთებს;
10) შეაყვარეთ შვილს მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, ფიზკულტურა;
11) არ დაუშვათ ჩხუბის, მოტყუების, უხეშობის შემთხვევები ოჯახის წევრებს შორის;
12) არ შეაძენინოთ შვილებს სიგარეტი, სპირტიანი სასმელები, იანგარიშეთ მოტანილი ხურდა;
13) ოჯახის წევრებ შორის უნდა არსებობდეს ერთიანი მოთხოვნილება შვილისადმი;
14) ყურადღება მიაქციეათ თქვენი და სხვისი შვილების მიერ ქუჩაში მოძრაობის წესების დაცვას;
15) გახსოვდეთ რომ მხოლოდ სკოლისა და ოჯახის ერთიანი მოთხოვნილებით ავღზრდით ნამდვილ ადამიანს;










რეკომენდაციები:    

                         




           
     ბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა ოჯახისთვის. ბავშვის აღზრდის პროცესში უდიდესი ადგილი უკავია მშობელს და მის დამოკიდებულებას. როგორ უნდა აღიზარდოს ბავშვი სწორად? ვინ უნდა ითამაშოს ამ პროცესში უდიდესი როლი? რა განაპირობებს მის სწორ ფორმირებას, სოციალიზაციას და თავის დამკვიდრებას? სკოლა თუ მშობლები? ეს და ძალიან ბევრი სხვა კითხვა აწუხებს ყველა იმ ადამიანს, ვინც იცის რას ნიშნავს იყო მშობელი. განათლებას ის იღებს სკოლიდან აღზრდას მშობლებისგან. ბავშვების აღზრდა ადვილი საქმე ადვილი რომ არაა, ალბათ თქვენც დამეთანხმებით. აღზრდაზეა დამოკიდებული, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ბავშვი, რა თვისებები, რა ინტერესები ექნება მას, ცხოვრების როგორ გზას აირჩევს იგი. მშობელზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და პიროვნული განვითარების თავისებურებები. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ გამოჩენილ ადამიანთა რჩევებს. იმედია მათში ბევრ საინტერესო და გასათვალისწინებელ აზრს ამოიკითხავთ.



ბავშვთა ფსიქოლოგთა მოსაზრებები აღზრდის საუკეთესო სტილთან დაკავშირებით. 


რას ურჩევენ ისინი მშობლებს:

1. შექება. „მარტივად რომ ვთქვათ, ყურადღების მიქცევა არასასურველ ქცევაზე ზრდის არასასურველ ქცევას. ხოლო სასურველ ქცევაზე ყურადღების გამახვილება, ზრდის სასურველ ქცევას. თუკი ხდება საყვედური, გაკიცხვა ან სხვა სახის დასჯა, სასურველ შედეგს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ასე შენ ვერ მიიღებ იმ სასურველ ქცევას, რისთვისაც იღწვი“.ამბობს ალან კაძინი იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და პროფესორი და იელის ბავშვთა ქცევის კლინიკის დირექტორი. საუკეთესო გზა ბავშვს დავალაგებინოთ ოთახი ან დავაწერინოთ დავალება, არის თქვენივე მაგალითი, მოიქცეთ შესაბამისად. ასევე წაახალისეთ ის, თუკი სასურველ ქცევას განახორციელებს“. მაგრამ მშობლებმა არ უნდა წაახალისონ ბავშვი დაუმსახურებლად, ამბობს შეილა, ეიბერგი ის რეკომენდაციას უწევს მშობლებს უზრუნველყონ მათი შვილები „დადებითი იარლიყის“ მინიჭებით, რომელიც ზუსტად მიუთითებს ბავშვს, რა გააკეთა მოსაწონი მშობლისთვის. მაგალითად „ მე ნამდვილად მომწონს, როგორ წყნარად ზიხარ სკამზე“. მის წყნარად ჯდომას სკამზე აღვნიშნავთ, რადგან ზოგადად ბავშვი არის მოუსვენარი. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას შენიშვნა, როცა მოუსვენრად არის, როგორც ამას ბევრი მშობელი აკეთებს, არამედ საჭიროა პოზიტიური ქცევის შენიშვნა. კვლევებმა ცხადყო, რომ „შექების იარლიყის“ გამოყენებამ სკოლამდელ ბავშვებში, გააუმჯობესა ურთიერთობები ბავშვებსა და მასწავლებელს შორის, რაც დაეხმარა მასწავლებელს უკეთ მართოს ბავშვთა ქცევა. კადინი ასევე აღნიშნავს, რომ ეს შექება უნდა განხორციელდეს ღიმილით ან მეგობრული შეხებით და კავშირი უნდა იყოს გულწრფელი. „ცოტა ხნის წინ ვიყავი გოგონათა ფრენბურთის თამაშზე, სადაც ხდებოდა თავისამატკივებელი შექება გოგონებისა, რომლებიც ვერ თამაშობდნენ კარგად. მსგავსი სიტუაცია ხშირად ბავშვს ართმევს შესაძლებლობას სწავლისა, რომელიც შეცდომებზე უნდა ააგოს“ ამბობს დავით პალმიტერი. შეხედეთ სხვა მხრიდან ბავშვის ქცევას. მშობლებმა უნდა ისწავლონ უმნიშვნელო არასასურველი ქცევის იგნორი, რაც არ არის სახიფათო, მაგალითად ნუ მიუთითებთ როდესაც თავის დას ან ძმას გამოართმევს სათამაშოს. შეაქეთ ის, როდესაც თამაშის პროცესში გაუზიარებს და–ძმას სათამაშოს. ან ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის ყვირილს და შეაქეთ ის, როდესაც ის თავაზიანად გთხოვთ რაიმეს. ამით ბავშვი სწავლობს, რომ რაიმეს მოთხოვნა უკეთესია ზრდილობიანად, რადგან ეს უფრო საიმედო გზაა ყურადღების მისაქცევად. 

2. გაეცანით ბავშვის განვითარებას მშობლები მეტად ეფექტურები ხდებიან, როცა ეცნობიან იმ არასასურველი ქცევის ჩამონათვალს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ხშირად, როდესაც ბავშვი იწვევს არეულობას კვების პროცესში და იქცევა ისე, რომ მშობლებს ეს არ მოსწონთ, ამ დროს ბავშვი სწავლობს ახალ უნარებს.  

„თუ მშობლებს ესმით, რომ ბავშვი შეგნებულად არ ურევს კვების პროცესს, არამედ ცდილობს ისწავლოს მოტორული ქცევა, როგორიცაა ჩანგლის ხელში ჭერა, კოვზით ჭამა და ა. შ. ისინი უნდა ფიქრობდნენ შეაქონ ბავშვი ყოველ წარმატებულ ნაბიჯზე. " ამბობს ეიბერგი. თუკი მშობელმა იცის რას ფიქრობს, გრძნობს და იგებს ბავშვი სხვადასხვა ასაკში და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, უფრო რეალისტურად შეხედავს მოსალოდნელ ქცევებს. რასაც ნაკლები იმედგაცრუება და აგრესია მოყვება.

3. არასასურველი ქცევის თავიდან აცილება დაგეგმეთ თავიდანვე, რომ აიცილოთ ბავშვის არასასურველი ქცევა. ასწავლეთ ბავშვებს როგორ მიიღონ სასურველი შედეგი და გაუმკლავდნენ სიტუაციას შესაბამისად. დაეხმარეთ ბავშვებს იყვნენ ჩართულები პროცესში, დაკავებულნი და აქტიურნი თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მიეცით საშუალება განახორციელონ ინიციატივები დამოუკიდებლად. სხვა შემთხვევაში ისინი შეიძლება გახდნენ შემაწუხებელნი და წესრიგის დამრღვევნი. „კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად ახერხებენ მშობლები საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას, ბავშვიც მორგებულია მათი პრობლემის გადაწყვეტის სტილს“.


4. პირველ რიგში იზრუნეთ საკუთარ თავზე თუკი მშობელს სურს მიიღოს საუკეთესო რჩევა, როგორ იყოს საუკეთესო მშობელი, უნდა მოუსმინოს თვითმფრინავის გამცილებელს. „თუ სალონი დაკარგავს წონასწორობას, თქვენ ჯერ თვითონ ირგებთ ჟანგბადის ნიღაბს და მხოლოდ ამის შემდეგ არგებთ მას თქვენს შვილს“. თითქმის ყველა სახლში ხდება ერთი და იგივე. ჟანგბადის მთელი რესურსი აქვთ ბავშვებს. ალბათ ხვდებით რაზეა საუბარი. კვლევამ გამოარკვია, რომ ბავშვები ნეგატიურად რეაგირებენ მათი მშობლების სტრესზე. 69% გამოკითხული მშობლებისა ადასტურებს, რომ მათი სტრესი გავლენას ახდენს მათ შვილებზე და მხოლოდ 14% ბავშვებისა ამბობს, რომ მშობლების სტრესი მათზე არ მოქმედებს. ამიტომ მშობლის მიერ მიწოდებულ სტრესის გადაჭრის კარგ მაგალითს შეუძლია ძალიან დადებითი ცვლილებები მოახდინოს ბავშვის ქცევაში. ანუ ბავშვი სწავლობს სტრესთან გამკლავებას თქვენგან. პალმიტერი ურჩევს მშობლებს გამოყონ დრო ვარჯიშისთვის, თავისი ჰობისთვის, გართობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის და რა თქმა უნდა პარტნიორთან ურთიერთობისთვის. „პარტნიორთან ურთიერთობის მაგალითი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, რაც შეიძლება მშობელმა მისცეს ბავშვს“. 

– ამბობს პილმერი. მარტოხელა მშობლებმა უნდა დაამყარონ და იქონიონ მნიშვნელოვანი და აზრიანი ურთიერთობები სხვა კონტექსტში. მაგალითად, კოლეგებთან, მეზობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან. მაგალითი, აი რა არის მთავარი. 

5. დაუთმეთ დრო მშობლები მინიმუნ ერთი საათი მაინც არიან თითოეულ ბავშვთან მარტო კვირის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ისინი ძირითადად არაფერს აკეთებენ,მხოლოდ ყურადღებას აქცევენ მას და გამოხატავენ პოზიტიურ აზრებსა და გრძნობებს მის მიმართ. ყველაზე ეფექტური მომენტი, რაც მშობელმა უნდა გამოიყენოს არის, დრო, როცა ბავშვი აკეთებს შესაქებ ქცევას. ამ დროს მშობელმა უნდა გამორიცხოს სწავლება, შესწორებების შეტანა და ალტერნატიული გზების შეთავაზება. პალმიტერი ამბობს, რომ თითოეული საათი რომელსსაც დაუთმობთ თქვენს შვილს პერსონალურად– იქნება ეს გასეირნება, კალათბურთის თამაში თუ სხვა ქმედება არ აქვს მნიშვნელობა,–ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას. ასევე აღსანიშნავია, რომ მშობლების მიერ გამოხატული კეთილგანწყობა და სიყვარული, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვისთვის, არის ქცევის მაკორექტირებელი და ბავშვისთვის გამოხატავს მხარდაჭერას. ამას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ბავშვის ტვინის განვითარებაზე და განავითაროს ჰიპოკამპუსი, რომელიც მნიშვნელოვანია შემეცნებისთვის.   



  დედა ტერეზა



         დედა ტერეზამ თავისი მოღვაწეობის პერიოდში დააფუძნა ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისიონერები" და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მან 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში. დედა ტერეზას არ ჰყოლია საკუთარი შვილები, თუმცა ის ბევრი ობოლი, მიუსაფარი და ინვალიდი ბავშვის მშობელი გახდა. 

 
დედა ტერეზას რჩევები მშობლებს: 

1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს, სულელსა და ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი. ამას თუ შვილს პატარაობიდან ჩაუნერგავთ, ის მართლაც ასეთად გაიზრდება.

2. ნუ შეაშინებთ ბავშვს პოლიციით, ურჩხულებით, მგლებითა და ბუებით. ეს მათ არც გააკეთილშობილებს და არც დააჭკვიანებს. 

3. გაზარდეთ თქვენი პირმშო თქვენს მიერ მიცემული კარგი მაგალითებით. ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებთ თქვენი რჩევები და ნოტაციები. ისინი ხედავენ მშობლის ქცევებს და არ ესმით მათი სიტყვები. 

4. ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ღირსეული თქვენი შვილის თვალში. არ გამოააშკარაოთ თქვენი სისუსტეები და უარყოფითი მხარეები მის წინაშე. როცა ბავშვები მშობლის სუსტ მხარეებს ხედავენ, ისინი განიცდიან და თვლიან, რომ არ ჰყავთ ცხოვრებაში დასაყრდენი. 

5. ნუ იჩხუბებთ ბავშვების თანდასწრებით. ყოველი ბავშვი თავს პატარად და დაუცველად მიიჩნევს, ამიტომაც მას სჭირდება ავტორიტეტი და დაცვა, გვერდში დგომა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც და თუ ბავშვი ესწრება ჩხუბს, ტყუილსა და უსამართლობას, მაშინ თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს. ეს ხშირად ბევრი ოჯახური თუ საზოგადოებრივი ტრაგედიის მიზეზი ხდება. 

6. არასოდეს გამოიყენოთ ბავშვზე ძალა. უკიდურეს შემთხვევაში (თუკი მან ეს მართლაც დაიმსახურა), შეგიძლიათ მოსცხოთ უკანალზე, მაგრამ არა ძლიერად! არასოდეს დასაჯოთ ის, როცა გაბრაზებული ხართ. მის მეხსიერებაში დატოვებთ სიძულვილისა და ბოროტების შთაბეჭდილებას და არა სამართლიანობის. თუ მაინც დასჯაზე მიდგება საქმე, აგრძნობინეთ მას სამართლიანობა. 

7. არასოდეს დაანახოთ ბავშვს გაბრაზებული, გაბოროტებული სახე. მან შეიძლება უცებ დაივიწყოს, ტაკოზე რომ მოარტყით, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს ბოროტებითა და სიძულვილით სავსე გამოხედვას. ბავშვი იმიტომ კი არ უნდა დასაჯოთ, რომ თქვენ მოთმინება არ გეყოთ, არამედ იმიტომ, რომ ბავშვს დაანახოთ, რომ არსებობს წესები, რომლის დაცვაც აუცილებელია. 

8. ბავშვი ყოველთვის და ყველაფერში უნდა ენდობოდეს მშობელს და ემორჩილებოდეს კიდეც მას - ეს არის მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი წესი. 

9. ყველაზე მთავარი - ეს მშობლების სიყვარულია და ბავშვის ინტერესების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ასევე, სიმშვიდე ოჯახში და არანაირი ფიზიკური დასჯა. 

 გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც ის არის: თავისი კაპრიზებით, არასწორი საქციელითა და პატარ-პატარა ურჩობებით.


იანუშ კორჩაკი

    იანუშ კორჩაკი (ნამდვილი სახელი და გვარი ჰენრიხ გოლდშმიტი  (1878 — 1942) – ებრაული წარმოშობის გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი სიცოცხლე და სიკვდილი XX საუკუნის ლეგენდადაა ქცეული. პოლონეთის ოკუპაციის წლებში იბრძოდა ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის. მთელი თავისი ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა და ყველაზე მძიმე განსაცდელშიც კი არ მიატოვა პატარები. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, ფაშისტებმა ვარშავა დაიპყრეს და ობოლთა სახლი გეტოში გადაბარგდა, თუმცა მალე მათი "გადასახლების" ანუ გაზის კამერაში შეყრის ბრძანება გასცეს... 
    იანუშ კორჩაკი შეიწყალეს, მაგრამ მწერალმა თავისი ბავშვები არ მიატოვა და გაზის კამერაში შეყვა... დაიღუპა ტრებლინკის გაზის კამერაში თავის 200 აღსაზრდელთან ერთად. 

   აქვე შემოგთავაზებთ მის შესახებ გადაღებული ფილმის ლინკს, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელია.  
 ფილმის ლინკი


იანუშ კორჩაკის რჩევები მშობლებს:

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.


3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.


4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.


5. არ დაამცირო.


6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.


7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.


8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.


9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე. 


10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.



10 ფრაზა, რომლების თქმაც სურთ მასწავლებლებს მშობლებისთვის





  კომუნიკაცის მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული პრობლემები არსებობს მათ ურთიერთობაში. ფსიქოლოგებმა პედაგოგები გამოკითხეს, თუ რა საკითხები ხდება ხოლმე ყველაზე მტკივნეული. აი, 10 ძირითადი იდეა, რომლის მშობლამდე მიტანა სურთ თურმე მასწავლებლებს.

1. მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია. მასწავლებლები აღიარებენ: "ჩვენი სამუშაოს სირთულე იმდენად ის კი არ არის, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, არამედ ის, რომ მასწავლებლები იყვნენ კმაყოფილი ამ პროცესით". თუმცა მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათაც აქვთ იღბლიანი და უიღბლო დღეები, ცუდი და კარგი განწყობა. სუპერგმირი ყველა ვერ იქნება.

2. მიიღეთ სწავლების ახალი მეთოდები. თანამედროვე ბავშვები მკვეთრად განსხვავდებიან იმისგან, როგორებიც ჩვენ ვიყავით ბავშვობაში. სასწავლო პროგრამები და პედაგოგიური მეთოდები გამუდმებით ერგება ახალ დროს, ამიტომ უწინდელი ვერ დარჩება.

3. ისწავლეთ მოსმენა. თითოეული მშობლისთვის მისი შვილი საუკეთესოა, ამიტომ ხშირად უჭირთ შვილის კრიტიკის მოსმენა. მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასწავლებლის შენიშვნა და მშობელთა კრებები არ არის "ბრძოლის ველი", ეს არის განხილვა ბავშვის ზრდისა და განვითარების მიზნით. ეცადეთ, არა უბრალოდ მოუსმინოთ, არამედ გაიგოთ კიდეც, რისი თქმა სურს მასწავლებელს და არ დაბრმავდეთ შვილის სიყვარულით. იქნებ კრიტიკაში მაინც არის სიმართლის მარცვალი?

4. საშინაო დავალება ბავშვებისთვის არის და არა მშობლებისთვის. შეიძლება, დაეხმარო ბავშვს, მაგრამ მის ნაცვალად არ უნდა გააკეთო დავალება. მასწავლებლებს არც ის მოსწონთ, როცა დავალების შეუსრულებლობას მშობლები ასე ხსნიან: "ბავშვი გვიანობამდე ცეკვაზე იყო", ან "სპორტული შეჯიბრებისთვის ვემზადებით". ასეთი სახის გამართლება ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობას დაუქვეითებს და მომავალშიც იოლად იპოვის გამართლებას, თუ რატომ არ გააკეთა ის, რაც ევალებოდა.

5. ბავშვის სწავლით დაინტერესდით მაშინაც, როცა ის უფროს კლასებშია. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები გაცილებით ხშირად ნახულობენ და ურთიერთობენ მასწავლებლებტან, ვიდრე ისინი, ვისაც უკვე მოზრდილი ჰყავს შვილები. არადა, ეს არასწორი მიდგომაა. უფროს კლასებში გაცილებით მაღალია დაძაბულობისა და სტრესის დონე. დაინტერესდით შვილის საქმეებით, თუნდაც ის საკმაოდ გაზრდილი და დამოუკიდებელი გეჩვენებოდეთ.

6. არ მისცეთ ბავშვებს მასწავლებლების გაკილვის უფლება. ბავსვი არ უნდა წაახალისოთ, როცა მასწავლებელს აუგად იხსენიებს და მით უმეტეს, მისი თანდასწრებით თავად არ უნდა მოიქცეთ ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მასწავლებლების პატივისცემა დაეკარგება და სწავლის სურვილსაც დაკარგავს.

7. ნიშნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს. ცხოვრებაში არაფრის მიმართ არ ღირს მეტისმეტად სერიოზული დამოკიდებულება. დიახ, ქულები და ნიშნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მხოლოდ ასახავენ ბავშვის წარმატებას დროის კონკრეტულ მომენტში. არ ღირს ტრაგედიის შექმნა ამისგან. ჯობს, იმაზე მეტი იფიქროთ, ბავშვმა ცოდნა მიიღოს და თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ნიშნის გამოსწორება კი ყოველთვის შეიძლება.

8. ზომიერების ფარგლებში გააკონტროლეთ შვილები, როცა კომპიუტერთან ან ტელევიზორთან სხედან. თუ მაინც ვერ უშლით ამას, ის მაინც გააკონტროლეთ, რომ კომპიუტერიდან და ტელევიზორიდან მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაცია მიიღოს.

9. ხშირად ესაუბრეთ შვილებს. ბევრ ბავშვს ეტყობა, რომ აკლია მშობლის სითბო და მასთან გულახდილი საუბარი. ესაუბრეთ ზნეობრივ თემებზე, შეაყვარეთ წიგნები (არაფრით არ გამოიყენოთ წიგნი დასჯის მეთოდად, მაგალითად: დღეს ძალიან ცუდად მოიქეცი და მთელი დღე წიგნებს წაიკითხავ!).

10. როდესაც ბავშვის და მასწავლებლების მიმართ ხართ მომთხოვნი, პირველ რიგში თავად იყავით სამაგალითო. და როდესაც სკოლას სთხოვთ, რომ ბავშვი აღზარდოს და ასწავლოს ბევრი რამ, პირველ რიგში ისიც გაიხსენეთ, რომ ბავშვი სკოლაში ოჯახიდან მიდის და მთავარი საფუძველი, ნიადაგი, მას სწორედ ოჯახში უნდა მისცეთ.



   ა, ბატონო, ქ-ნ თამარს მაინც დაუჯერეთ!

           


     გაჯეტებთან ურთიერთობა

        


      I ნაწილი 

        
  
       II ნაწილი 

            
  

2 комментария:

  1. კარგი პრაქტიკული რჩევებია.

    ОтветитьУдалить
  2. საინტერესო და გამოყენებადი რჩევებია, მადლობა.

    ОтветитьУдалить